ორგანიზაცია

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ დაარსდა 2011 წელს და იმართება ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აქტივისტების მიერ.

ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თავის საქმიანობას ახორციელებს რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით: საზოგადოების გაძლიერება და მასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოძრაობის გაზრდა; საინფორმაციო პროპაგანდის წარმოება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე თანმიმდევრული და ეფექტური სტრატეგიული მიდგომის შემუშავების მიზნით, რათა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; საზოგადოების ცნოებიერების ამაღლება და თანამშრომლობა ცვლილებებისთვის - კონსტრუქციული პარტნიორობის დამყარება, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან და დამოუკიდებელ აქტივისტებთან.

 

მისია:

ორგანიზაციის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობა და მათი უფლებების დაცვა, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა იმ საჯარო სერვისზე, რომლითაც სარგებლობენ საზოგადოების სხვა წევრები.

 

როგორც ქოლგა ორგანიზაცია:

 „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“, თავის არაფორმალურ ქსელში აერთიანებს რამდენიმე რეგიონულ შშმ პირთა ორგანიზაციას. ისინი დაარსდა ორგანიზაციის „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ხელშეწყობით და მის მსგავსად წარმოადგენს შშმ პირთა დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციას.

როგორც საზოგადოების წარმომადგენელი:

„ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ იყო წამყვანი ორგანიზაცია, რომელმაც წვლილი შეიტანა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ შესახებ კონვენციის რატიფიცირებაში. ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ არის:

  1. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი და საბჭოში კოორდინაციას უწევს შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებს;
  2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

 

ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ იყო საზოგადოების ინტერესთა ძირითადი წარმომადგენელი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ქვეშ შექმნილ იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც განსაზღვრავდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისა და საზედამხედველო ორგანოების ინსტიტუციონალურ ჩარჩოს.

ორგანიზაციამ „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ განახორციელა მრავალი აქტივობა და პროექტი, რომლებიც მიმართული იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ - მათ შორის: სემინარები, ლექციები, საჯარო დისკუსიები როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ასევე ჟურნალისტებისა და სტუდენტებითვის, სხვადასხვა ინკლუზიური სპორტული აქტივობები.