3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის  საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის  საერთაშორისო დღეა

1992 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის 47/3 რეზოლუციით, 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მას შემდეგ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. რეზოლუციის მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვა და  მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ასევე, ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური  და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში.

შშმ პირთა საკითხებზე ათწლეულების მუშაობის შემდეგ, 2006 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია, რომელმაც წინ წამოწია შშმ პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხები. ყოველივე ეს კი აისახა 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგშიც და ამავდროულად, საერთაშორისო განვითარების სხვა ჩარჩოებზეც გამახვილდა ყურადღება. როგორიცაა, მაგალითად, სენდაის კატასტროფების რისკის შემცირებისთვის შემუშავებული დოკუმენტი, შშმ პირთა ჩართულობის ქარტია, ახალი ურბანული დღის წესრიგი და ადის აბაბის სამოქმედო გეგმა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძებები იმართება. მათი მიზანია, განხორციელებული პროექტების განხილვა და შედეგების პრეზენტაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კულტურულ- შემოქმედებითი მიმართულებების პოპულარიზაცია. ასევე, სტიგმასთან ბრძოლა.

2017 წლის მთავარი თემა კატასტროფების რისკის შემცირების, ჰუმანიტარული მოქმედებებისა და ურბანული განვითარების კონტექსტის გათვალისწინებით, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვა და შშმ პირების მონაწილეობით ყველასათვის მოქნილი საზოგადოების ჩამოყალიბება იყო. დოკუმენტში ხასგასმულია, რომ მთავრობებემა, შშმ პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აკადემიურმა ინსტიტუტებმა და კერძო სექტორმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ, როგორც ერთიანმა გუნდმა, რათა საბოლოოდ წარმატებით განხორციელდეს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.

 

შეგახსენებთ, რომ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციას საქართველომ ხელი 2009 წელს მოაწერა. 2013 წლის 26 დეკემბერს კი პარლამენტმა 91 ხმით, მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის", თანდართული დეკლარაციის გათვალისწინებით, რატიფიკაცია.

კონვენციის რატიფიკაციის მიუხედავად, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება შშმ პირთა უფლებების განხორციელება, საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია და სხვა მოქალაქეების მსგავსად, საჯარო სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა და არსებული გარემოს გათვალისწინებაც, რომელიც არასწორი წარმოდგენებითა და სტიგმებით გაჯერებული, ხშირად, დისკრიმინაციის თავისებურ ფორმას წარმოშობს.