შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი ზრდასრულთა სარეაბილიტაციო სერვისების მოთხოვნის შესახებ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი ზრდასრულთა სარეაბილიტაციო სერვისების მოთხოვნის შესახებ

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, 14 ივნისს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტიანი პოლიტიკა, რაც ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების უკიდურეს იზოლაციას და გარიყულობას დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ჩართულობის რეალური შესაძლებლობით ჩაანაცვლებს.

მიუხედავად იმისა რომ საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წელს მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) რატიფიცირება, გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა, სახელმწიფოს არცერთი რეალური რეფორმა ამ მიმართულებით არ გაუტარებია.

შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად, რომლებიც მუდმივად განიცდიან დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებს. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს უმოქმედობა კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ უთანასწორობას და აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოწყვლადობას. მიუხედავად სახელმწიფოს არაერთგზის განაცხადისა, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის სიმძიმეზე, კონვენციის აღსრულების მიზნით დღემდე გადაუდგმელია აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მათ შორის, დღემდე არ შემუშავებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შეფასების სოციალური მოდელი, არ შემუშავებულა გაეროს კონვენციის აღსრულებაზე  პასუხისმგებელი მექანიზმი, არ წარმოებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი სტატისტიკა და სხვა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თითქმის ყველა მიმართულებით სახელმწიფოს ფუნდამენტური გამოწვევები გააჩნია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთათვისაც ამ დრომდე არ არსებობს  სარეაბილიტაციო სერვისები. აღნიშნული უმთავრესი წინაპირობაა მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებების განხორციელებისათვის. ზრდასრულთა სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობა არაერთხელ გამხდარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სათემო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი. 2017 წელს სახალხო დამცველმა სპეციალური წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე.[1]

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს აბილიტაციისა და რეაბილიტაციის სერვისების არარსებობის მწვავე პრობლემაზე და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ბაზისური უფლებებით სარგებლობის პროცესში. ომბუდსმენი განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის უფლება გულისხმობს პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომბინირებულ ელემენტებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განმარტებით მოიცავს ღონისძიებათა ფართო სპექტრს, ფიზიკური ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და ინკლუზიის ხელშემწყობი ინტერვენციების ჩათვლით. შესაბამისად, რეაბილიტაცია მრავალი სფეროს გადამკვეთი მომსახურებაა და უნდა განხორციელდეს მედიცინის, განათლების, დასაქმების, სოციალური და სხვა სექტორის სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია არის უმთავრესი პირობა, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება.[2]

რეაბილიტაციისა და აბილიტაციის სერვისების განსაკუთრებული მნიშვნელობისა და  სახელმწიფოს მხრიდან გაეროს კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოში არსებული სარეაბილიტაციო სერვისები გამორიცხავს ზრდასრული ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირების მომსახურებას. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისთვის აუცილებელი ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურება, როგორიცაა თერაპიული ინტერვენცია, მათ შორის, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ფსიქოლოგიური კორექცია, მობილობის ორიენტაცია, სივრცითი ორიენტაცია და სხვა სერვისები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და მათი უფლებების უხეშ დარღვევას იწვევს. არასამთავრობო ორგანიზაცია “ხელმისავდომი გარემო ყველასათვის“ მიერ   შშმ პირთა სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კვლევაში ნათლად გამოვლინდა რომ, ქვეყანაში მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და მხოლოდ ფრაგმენტულად მოიცავს მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას. [3]

ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე მდგარი მწვავე გამოწვევების გათვალისწინებით, რაც სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობას უკავშირდება, მოვითხოვთ:

  • სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო მომსახურებას და გაითვალისწინებს გეოგრაფიული მისაწვდომობის კომპონენტს;
  • აბილიტაციისა და რეაბილიტაციის  მომსახურებამ მოიცვას ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე ზრდასრული პირი, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები

მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“- MAEE

პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის- PNO

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC

„ვოლფრამის სინდრომი-საქართველო“- Wolfram Syndrome Georgia

კავშირი ქალი და რეალობა-  Woman an Reality

ა (ა) იპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი-  SACHKHERE’S REGISTERED UNION OF PERSONS WITH DISABILITIES

„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ „-  FAD

მოძრაობა "ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო"

 


[1] საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის წინადადება ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე; იხ. ვრცლად: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4692.pdf;

[2] იგივე.

[3] შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში ;   http://dpo.ge/ge/news/20