ხმის მიცემის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის

ხმის მიცემის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის

 

   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხმის მიცემის უფლების გარანტიას რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტი იძლევა, მათ შორისაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დეკლარაცია, ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია და სხვა. დღესდღეობით ევროკავშირის ფარგლებში 800 000 მდე მოქალაქე 16 ქვეყნის მასშტაბით ვერ ახერხებს ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის გამო.

 

ხმის მიცემის გზაზე უამრავი ტექნიკური ბარიერი არსებობს. ყველაზე გავრცელებულ ბარიერს წარმოადგენს არაადაპტირებული საარჩევნო უბანი, ასევე ფოსტის სერვისით ხმის მიცემის ან ელექტრონული ხმის მიცემის არარსებობა. ზოგიერთი ევროკავშირის ქვეყანა შშმ პირის წარმომადგენელს აძლევს მის ნაცვლად ხმის მიცემის უფლებას, თუმცა ეს რა თქმა უნდა ხმის უფლების თანაბარი გამოყენების საუკეთესო შემთხვევა არ არის. ასევე შშმ პირებისათვის უნდა იყოს შესაძლებელი საარჩევნო უბნის შეცვლა, თუკი მათი საცხოვრებლის მახლობლად მდებარე უბანი არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის სტანდარტებს. ხშირია შემთხვევა, როცა უბანი ნაწილობრივაა ადაპტირებული, შექმნილია პირობები ეტლით მოსარგებლეებისათვის, ხოლო უსინათლო პირებისათვის არა და ისინი ვერ სარგებლობენ ბრაილის შრიფტით და ბეჭდილი საარჩევნო ბიულეტენით.

 

ერთ-ერთი გავრცელებული გზა, რომელიც ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ შეიმუშავა შშმ პირთა თანაბარი ხმის მიცემის უფლების განხორციელებისათვის არის ადრეული ხმის მიცემა: ამ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს შშმ პირებისათვის ადაპტირებულ ტრანსპორტს, ასევე მზადყოფნაში არიან სპეციალურ ინსიტუტუციებში მომუშავე თანამშრომლებიც, რომლებმაც დახმარება უნდა გაუწიონ იქ მყოფ შშმ პირებს. თუკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ფიზიკურად ვერ ახერხებენ საარჩევნო უბანზე მისვლას, მაშინ მათთვის მობილური ყუთი უნდა გამოიყოს და უბნის წარმომადგენელი საჭიროა მის საცხოვრებელ ადგილზე მივიდეს.

 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სამი წევრი ქვეყანა სავალდებულო ხმის მიცემას აწესებს, ეს კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საგრძნობი სტრესის ქვეშ ამყოფებს, რადგან უბანზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მათ სანქცია ელით.

 

ევროპაში მიმდინარე დემოგრაფიული ცვლილების პროცესი, კერძოდ კი ერების გადაბერება იწვევს იმას, რომ ზრუნვის დაწესებულებებში მყოფთა რაოდენობა იზრდება. ევროკავშირის ქვეყნების დაახლოებით ერთ მესამედში ამგვარ ინსტიტუციებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოკლებული არიან არჩევნებში მონაწილეობას. ევროკავშირის მხოლოდ შვიდი ქვეყანა უზრუნველყოფს სპეციალურ საარჩევნო უბნებს ასეთი ტიპის ამომრჩეველთათვის. საუკეთესო გამოსავალი თავად ამგვარ ინსტიტუციებში საარჩევნო უბნის გამოყოფა იქნებოდა.

 

ევროპის სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა საუკეთესო საამომრჩევლო პრაქტიკა აქვს განვითარებული. გთავაზობთ რამდენიმეს მოკლე მიმოხილვას:

 

ესტონეთი: ხმის მიცემა სრულად ელექტრონულად მიმდინარეობს.

 

გერმანია: გერმანიაში უსინათლოებს შესაძლებლობა აქვთ მოითოვონ ბრაილით დაბეჭდილი ბიულეტენი, რომელსაც ხმის მიცემის ინსტრუქციებისთვის განკუთვნილი CD დისკი მოჰყვება.

 

იტალია: მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის სპეციალური ტრანსპორტი გამოიყოფა.

 

შვედეთი: ამომრჩეველი ბიულეტენს იღებს, რათა ხმა მისცეს ფოსტის სერვისით გამოყენებით, აზრის შეცვლის შემთხვევაში კი მას შეუძლია თავად გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე და ისე მისცეს ხმა.

 

მალტა: მალტაში ყველა საარჩევნო უბანი აღჭურვილია აუდიო პლეერითა და ბრაილით დაბეჭდილი დოკუმენტებით, რომელშც წარმოდგენილია კანდიდატთა სიები და პარტიები.

 

 

თარგმნა სოფო შუბითიძემ.