შშმ პირთა ონლაინ-ბიბლიოთეკა იქმნება

შშმ პირთა ონლაინ-ბიბლიოთეკა იქმნება

მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის იწყებს ახალი ინიციატივით, რომელიც გულისხმობს ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროგრამის, COBERM-ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ონლაინ-ბიბლიოთეკის პლატფორმის შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე.

ინიციატივის განსახორციელებლად და სათარგმნი მასალების შესარჩევად  საკონსულტაციოდ ვიწვევთ და მივმართავთ საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დარგის პროფესიონალებსა და ექსპერტებს. 

ინიციატივის ფარგლებში, იგეგმება ინგლისურიდან ქართულ ენაზე ითარგმნოს სხვადასხვა ხასიათის მასალა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე: აკადემიური ხასიათის სტატიები, კვლევები, ანგარიშები, შშმ პირთა აქტივიზმის საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკები, სასამართლოს გახმაურებული მაგალითები, რომელთაც შშმ პირთა ცხოვრება შეცვალეს და სხვა. ონლაინ-ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს შშმ პირთა მეტ ინფორმირებულობას და ცოდნის ზრდას შშმ პირთა უფლებრივ საკითხებზე. ყოველივემ ხელი უნდა შეუწყოს შშმ პირთა მონაწილეობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის გაძლიერებას.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ვგეგმავთ კვლევის განხორციელებას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი საკანონმდებლო სისტემის ინკორპორირებას გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან. ამისათვის სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციის გათვალისწინებით განისაზღვრება ზემოთხსენებული კვლევის საგანი, თემა და მიმართულება. მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის სიამოვნებით მიიღებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების, დარგის ექსპერტებისა და პროფესიონალების რჩევებსა და რეკომენდაციებს, რათა ბიბლიოთეკისა და კვლევის ინიციატივა განხორციელდეს მაქსიმალურად ეფექტურად, ნაყოფიერად და დაინტერესებული პირების ფართო ჩართულობით.

 

უფრო მეტი ინფორმაციისა და თქვენი წინადადებების მისაწოდებლად გთხოვთ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს, სოფო შუბითიძეს: sopo.shubitidze@gmail.com; +995 599 84 47 87.